„ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებში აღმოჩენილი პათოგენური მიკროორგანიზმები სიცოცხლისთვის საშიშია“

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბაზარზე არსებული კვების პროდუქტები და სამელი წყალი შეისწავლეს. როგორც საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განაცხადა, პროდუქციისგან აღებული 2911 ნიმუშიდან 837 ნიმუშის სინჯი არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს.
მნიშვნელოვანი დარღვევებია ხორცის პროდუქტებსა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებში. გიორგი მიქაძის განმარტებით, მათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
გამოკვლეულია სასმელი წყლის ხარისხიც, თუმცა შედეგი აქაც სავალალოა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, გამოკვლეული სასმელი წყლის 50% -ში დარვეულია დადგენილი ნორმები.
„გამოვიკვლიეთ სასმელი წყალი, ბავშვთა კვების პროდუქცია, თაფლი, ხორცი, აღებული 2911 ნიმუშიდან 837 ნიმუშის სინჯი არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. 80% მოდის მიკრობიოლოგიური ტიპის დარღვევებზე. ეს ყველაზე რთული დარღვევებია,რადგან მყისიერ შედეგებს იწვევს, მათ შორის ზრდის მოწამვლის საფრთხეებს. თუმცა აქ მეტი წილი მოდის სასმელი წყლის სინჯებზე. გამოკვლეული სასმელი წყლის 50%-ზე მეტში დარღვეულია დადგენილი ნორმები. ამათან დაკავშირებით ჩვენი სააგენტომ მისწერა შესაბამის მუნიციპალიტეტებს, გამგეობებს და გუბერნატორებს, რომ ეს პრობლემა მოწესრიგდეს. განსაკუთრებით ეს ეხება რაიონებს. შემდეგი პრობლემაა ცხოველური წარმოშობის სურსათი, განსაკუთრებით ხორცი. ხორცის პროდუქტების ნახევარფაბრიკატებში ხშირია მიკრობიოლოგიური ხასიათის დარღვევები, მათ შორის პათოგენური მიკროორგანიზმების კუთხით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ეს ეხება სალმონელას და ლისტერიას. ძირითადი დარღვევებია ნახევარფაბრიკატებზე, რომელიც გაყინული სახით არის“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები