„ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში გარე ვაჭრობა უნდა აიკრძალოს“- რა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ქუჩაში ნაყიდი საკვები

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გარე ვაჭრობის საფრთხეებზე ისაუბრა. კოიძის განცხადებით, აუცილებელია აღმოიფხვრას გარე ვაჭრობა, რომ მოსახლეობამ პროდუქტები იმ პირობებში შეიძინოს, სადაც პროდუქციის შენახვის წესები სრულად არის დაცული და დაავადების საფრთხე დაბალია.
„ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში გარე ვაჭრობა უნდა აღმოიფხვრას, რომ მოსახლეობა ქუჩებში ანტისანიტარიულ პირობებში არ იძენდეს საკვებს. გარე ვაჭრობა ეს არის სამართალდარღვევა, გარე ვაჭრობის გზით პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია. გამოყენებული უნდა იქნას საჯარიმო სანქციები და საპატრულო პოლიციამ აღკვეთოს იგი. პირდაპირ ქუჩებში, ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იყიდება რძის პროდუქტი, ხორცი და სხვა. პროდუქტი, რომელსაც სჭირდება შენახვის განსაკუთრებული პირობები. მინდა მივმართო მოსახლეობას, მერიას და თვითმართველობებს, რომ არ მოხდეს გარე ვაჭრობის დაშვება დღესასწაულების დროსაც კი. თუკი ჩვენ ვზრუნავთ მოსახლეობაზე, გარე ვაჭრობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს. ფასში ათი ან ოცი თეთრის განსხვავების გამო საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შევუქმნით“,- განაცხადა მადონა კოიძემ.
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ ყურადღება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონზეც გაამახვილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ მომხმარებელთა უფლებების შესახებ გაუქმებული კანონის ხელახლა ინიცირება ხდება.
მანვე საუბრისას ხორცის პროდუქტების მეშვეობით მომხმარებელთა დაინფიცირების საფრთხეებზე ისაუბრა. კოიძის განცხადებით, საფრთხის შემცველ ქართულ ხორცზე მეტად უცხოეთიდან შემოტანილი ხორცის პროდუქციაა.
„ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი გაუქმებული იყო. ერთადერთი სფერო, რომელიც რეგულირებადი იყო, ეს არის სურსათის უვნებლობის კონტროლი და ზედამხედველობა სახელმწიფოს მხრიდან. სხვა ყველა სფერო მიტოვებული იყო. დღეს ევროინტეგრაციის კომიტეტში მომხმარებელთა უფლებების კანონის ინიცირებაა, რასაც ალბათ კომიტეტი დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ინფექციებს, რამდენიმე საწარმოში უკვე დაფიქსირდა ლისტერია მონოციტიგენოზი. თუკი ამით ადამიანი დასნეულდება, ყოველი მეოთხე იღუპება, ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა ღონეს ხმარობს, რომ შესწავლილი იყოს ხორცპროდუქტები და ნახევარფაბრიკატები. რამდენიმე კვირაში შესწავლილი მასალა მოსახლეობისთვის გახდება ცნობილი. მასალების ნაწილი ლაბორატორიაშია ჩაბარებული. დაბინძურება, სავარაუდოდ, შემოსული ხორციდან არის და საბაჟოზე მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს კონტროლი ხორცპროდუქტებზე“, – განაცხადა მადონა კოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები