“პატიმრების შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ მასალა პროკურატურას გადაუგზავნა“
სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმრების შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ მასალა პროკურატურას გადაუგზავნა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე პარალელურად ძიებას აგრძელებს სამინისტროს გენინსპექცია. კანონი ამას სამინისტროს არ ავალდებულებდა, თუმცა სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რათა საქმეს მეტი სანდოობა ჰქონოდა.
“მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაძლევდა უფლებას ეს საქმე სამინისტროს გამოეძიებინა, ჩვენ საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას მაინც გადავუგზავნეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგებს დაველოდებით”, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მინისტრმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე განცხადება გუშინ გააკეთა. სამინისტრომ შიდა მოკვლევა გუშინვე დაიწყო. სახალხო დამცველის ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.