„ბიძინა ივანიშვილთან არავითარ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, კაცურად ვუთხარით ერთმანეთს სათქმელი“
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან არავითარ შეთანხმებას, ან ფარულ საუბრებს ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ალასანიამ განმარტა, ბიძინა ივანიშვილმა მას პირადად უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ისაუბრებდნენ, რაზეც თანხმობა მიიღო.
“ბიძინა ივანიშვილს ჩვენი საერთო მეგობრის, შალვა შავგულიძის მამის გასვენებაში შემთხვევით შევხვდი. მან პირდაპირ მთხოვა, რომ კარგი იქნებოდა, გაგვესაუბრა, რაზეც, ბუნებრივია, დავთანხმდი. შეხვედრა იმავე საღამოს შედგა, რადგან აქამდე არ გვქონდა საშუალება, შეგვეფასებინა, ჩვენი ხედვა ერთმანეთისთვის გაგვეცვალა, თუ რატომ მივიდა ქვეყანა ასეთ ვითარებამდე, ღიად გვესაუბრა.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ არავითარ შეთანხმებას, ან ფარულ საუბრებს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, კაცურად ვუთხარით ერთმანეთს სათქმელი და ვთქვით, რომ მთავარია, ამ პროცესებმა არ დააზიანოს სახელმწიფო და სახელმწიფო არის ყველაზე წინ”, – განაცხადა ალასანიამ.