“შსს-ს უპირველესი ფუქნცია სახელმწიფო უშიშროების დაცვაა, ამისთვის მას სათანადო ბერკეტები ესაჭიროება“

ასოცირებული პროფესორი ირაკლი კობახიძე „პირველ პრესკლუბში“ სტუმრობისას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების თემას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძემ არსებული ვარიანტები დეტალურად განიხილა. მისივე თქმით, იდეალური გამოსავალი არ არსებობს, თუმცა კონსტიტუციონალისტმა უპირატესობა მიანიჭა ცვლილებების იმ ვარიანტს, რომლის თანახმადაც, ერთი გასაღები შსს-ს, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადადის.
რაც შეეხება ცვლილებების იმ ვარიანტს, რომლის თანახმადაც, მოსმენებზე წვდომის ერთი გასაღები კერძო პროვაიდერების, მეორე კი სასამართლოს ხელში აღმოჩნდება, კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს გარკვეულ პრობლემებთან.
კერძოდ, ირაკლი კობახიძის განმარტებით, კერძო პროვაიდერები კერძო სუბიექტები არიან, რომლებმაც შესაძლოა, კავშირი დაამყარონ სხვა სახელმწიფოებთანაც კი და ჩნდება ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა. მისივე თქმით, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კერძო პროვაიდერები კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან არიან დაკავშირებულები. ასევე ე.წ. გასაღების კერძო პროვაიდერებისთვის გადაცემა ტექნიკურ პრობლემებს და აქედან გამომდინარე, გარკვეულ ფინანსებსაც უკავშირდება.
რაც შეეხება ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის გადაცემას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში სასამართლო იტვირთება იმ ფუნქციით, რაც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი.
„ასევე გასათვალისწინებელია ერთ რამ, მაგალითად, როდესაც შსს ან ნებისმიერი სხვა აღმასრულებელი ორგანო უფლებას არღვევს, ჩვენ შეგვიძლია, უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართოთ, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბოროტად გამოიყენებს ე.წ. გასაღებს და განახორციელებს უკანონო ფარულ მოსმენას. აქ ვაწყდებით ინტერესთა კონფლიქტს. არ რჩება არცერთი ინსტანცია, რომელსაც შეგვიძლია, მივმართოთ სასამართლოს მიერ ასეთი უფლების დარღვევის შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ცვლილებების ის ვარიანტიც განიხილა, რომლის თანახმადაც, ერთი გასაღები შსს-ს, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადადის.
„პოზიტიურზე რომ ვისაუბროთ, შსს მართლაც საჭიროებს ოპერატიულობას. ჩვენთან ამ წლების განმავლობაში ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული შსს-ს მიმართ. ეს ინსტიტუცია ხშირად ასოცირდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევასთან, თუმცა ჩვენ ის არ უნდა დავივიწყოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უპირველესი ფუქნცია, როგორც ყოველთვის, არის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო უშიშროების დაცვა, ამისთვის მას სათანადო ბერკეტები უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ის, რომ თავის დროზე, შსს-ს იარაღს მანკიერი მიზნებისთვის იტყენებდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს უწყება უნდა განვაიარაღოთ. ფარული მოსმენები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლითაც შსს თავის ამ ფუნქციას ახორციელებს, ანუ მისთვის მთლიანად წართმევა იმ ინსტრუმენტებისა, რაც საჭიროა ამ ფუნქციის განხორციელებისთვის, მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა საგარეო რისკების ქვეშ დგას.
რაც შეეხება ე.წ. მე-2 გასაღების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემას, კობახიძის თქმით, მისი უშუალო ფუნქციაა სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კონტროლის განხორციელება.
„ასე რომ, ფუნქციური თვალსაზრისით ძალიან კარგად ჯდება მისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭება, რაც ალტერნატიული კანონპროექტითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს კარგი ვარიანტია პერსონალური დაცვის მონაცემთა ინსპექტორის ფუნქციის თანდათანობით გაფართოებისთვის.

წყარო: “პირWელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები