თეა წულუკიანი: ბრიუსელში, არც ერთ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს საქმეებზე კითხვა არ დასმულა
ბრიუსელში, არც ერთ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს საქმეებზე კითხვა არ დასმულა – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ნებისმიერი მათ მიერ დასახელებული პირის ან პირების საქართველოში ვიზიტი შესთავაზა, რათა გაქარწყლდეს ის აღქმები, რის შესახებაც შეიძლება ოპოზიცია საუბრობდეს.
მისივე თქმით, თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და “თავისუფალი დემოკრატების” კოალიციიდან გასვლის გამო, ეს აღქმა ბრიუსელში არ დამძიმებულა.
“ბრიუსელში ეს განცდა დამძიმებული არ არის. აღქმაზე როცა იყო საუბარი, საუბარი იყო ისევ “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნების მიმართ მიმართულ სისხლის სამართლის საქმეებზე და თავდაცვის სამინისტროში აძღრული სისხლის სამართლის საქმეების გარშემო არც ერთ ამ შეხვედრაზე კითხვა არ დასმულა. საუბარი იყო ბატონი სააკაშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და რაც ადრე იყო, ახლაც ის მესიჯები მივიღეთ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.