„პროკურატურის მიერ „კაბელების საქმის“ ადვოკატებისთვის შეთავაზება დაცვის მხარისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა“

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებისთვის გრიფი „საიდუმლო“ საქმის მასალების შესაძლო გაცნობაზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი გამოეხმაურა.
კაიკაციშვილის განცხადებით, სამართლებრივი შესაძლებლობები იმისა, რომ დაცვის მხარემ მიიღოს ეს დოკუმენტაცია, არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, შესაბამისად, პროკურატურის შეთავაზება, რომ საქმის მასალებს 24 -საათიან რეჟიმში გაეცნონ ადვოკატები ისე, რომ საქმის მასალების ასლები არ გაიტანონ, კაიკაციშვილის განცხადებით, საუკეთესო შესაძლებლობაა.
„დაცვის მხარის ინტერესია, რომ მას ჰქონდეს საქმეში ნებისმიერ მტკიცებულებაზე წვდომა და ამით სრულფასოვანი წარმომადგენლობა გასწიოს სასამართლოში. ბრალდების მხარის ინტერესს წარმოადგენს, დაიცვას სახელმწიფო საიდუმლოება. თუ ჩვენ აქამდე გვესმოდა მოსაზრებები, რომ ბრალდების მხარე არ უზრუნველყოფდა საქმის მასალების გადაცემას, გუშინ უკვე ცნობილი გახდა, რომ ადვოკატებს ამის შესაძლებლობა ეძლევათ. ისმის კითხვა: აქვს თუ არა პროკურატურას უფლება, გუშინდელი შეთავაზების მიღმა საქმის მასალები გადასცეს პროკურატურის შენობის მიღმა და მშვიდ გარემოში გაეცნონ ამ მასალებს? კანონმდებლობა მიუთითებს აუცილებლობაზე, რომ დაცვის მხარეს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს საქმის მასალებზე. გუშინდელი განცხადებით და დემონსტრირებული შესაძლებლობებით ცხადი ხდება, რომ დაცვის მხარეს მიეცა ასეთი შესაძლებლობა. სამართლებრივი, კანონისმიერი შესაძლებლობა იმისა, რომ დაცვის მხარემ მიიღოს ეს დოკუმენტაცია მოცემულ ეტაპზე, არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“. როდესაც იმ მტკიცებულებების გადაცემის თაობაზეა საუბარი, რომელიც მნიშვნელოვანია საქმის წარმოებისთვის, თუ ეს გადაცემა გამოძიების ინტერესების საზიანოდ იქნება გამოყენებული, ბუნებრივია, ასეთი მტკიცებულებების გადაცემას პროკურატურა, ვიდრე გრიფი „საიდუმლო“ საქმეს არ მოეხსნება, ვერ განახორციელებს. თუ მოეხსნა გრიფი და ამის მერე დაცვის მხარეს არ გადაეცა მასალები, აქ უკვე დგება პროკურატურის, როგორც ბრალდების მხარის, პასუხისმგებლობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში საუკეთესო შესაძლებლობაა, მოხდეს ამ მასალების გაცნობა. შესაძლებელია იმ ფორმით საქმის შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელიც პროკურატურამ გუშინ შესთავაზა დაცვის მხარეს“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადების თანახმად დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა მათ საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევს, არის სიცრუე. პროკურატურა მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს: 2014 წლის 5 ნოემბერს ბრალდებულებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს გაეგზავნათ წერილი და განემარტათ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს ბრალდებულების ყოფნის ადგილას (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) მიეცემოდათ საშუალება, მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად სპეციალურ გამოყოფილ ოთახებში, სრულყოფილად გაცნობოდნენ საქმის მასალებს და ასევე ექნებოდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ მათთვის სასურველი ჩანაწერები, მაგრამ მიუხედავად ბრალდების მხარის არაერთი შეთავაზებისა, არც ერთ ადვოკატს არ გამოუთქვამს თანხმობა. 2014 წლის 11 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში ბრალდების მხარე შეხვდა ხუთივე ბრალდებულს მათ ადვოკატებთან ერთად და წარედგინათ საქმის მასალები, რათა გაცნობოდნენ მას და გაეკეთებინათ მათთვის სასურველი ჩანაწერები, აღნიშნული მოქმედების დროს ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა რომელმაც დაიწყო დოკუმენტების გაცნობა, ადვოკატ გიორგი სამუშიას მითითებით, შეწყვიტა საქმის მასალების გაცნობა, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ ადვოკატების თვითმიზანი არ ყოფილა საქმის მასალების გაცნობა, რამეთუ მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ სარგებლობენ მიცემული შესაძლებლობით. სთავაზობს საქართველოს პროკურატურა ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობას. კერძოდ, მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები, საქმის მასალებით, სადაც მათ ექნებათ სრული თავისუფლება გაეცნონ ამ მასალებს და გააკეთონ ამონაწერები 24-საათიან შეუზღუდავ რეჟიმში. ერთადერთი მათი შეზღუდვა იქნება ის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ეს მასალები გაიტანონ სამუშაო ოთახიდან და მოახდინონ ასლების გადაღება, ვინაიდან აღნიშნული იკრძალება კანონით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები