დიდთოვლობამ აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთით 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქალაქ ბუფალოში თოვლის საფარის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს. 50 შტატში ყინვებია. გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად ერთი ადამიანი თოვლით დაფარულ საკუთარ მანქანაში დაღუპული იპოვეს, კიდევ 3 ადამიანი ინფარქტისგან გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ისინი თოვლიან გზებს ასუფთავებდნენ. გარდა ამისა, „ბი-ბი-სიმ“კიდევ 3 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. დეტალები უცნობია.
ძლიერმა ქარმა და ყინვამ მრავალი საგზაო შემთხვევა გამოიწვია, აშშ-ს სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. მოსახლეობა საკუთარ სახლებში და მანქანებში ჩაკეტილი დარჩა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს ბრძანებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მანქანების ევაკუაციასა და გზების დასუფთავებაში ასზე მეტი ეროვნული გვარდიელი დაეხმარება.