1 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება

1 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მე-15 გამოშვება გაიხსნება. ფესტივალის პროგრამა საავტორო კინოს მთელ წელს შეაჯამებს და წლის გამორჩეულ ნამუშევრებთან ერთად მაყურებელს მნიშვნელოვანი ღონისძიებების ციკლს შესთავაზებს. შეხვედრები ცნობილ კინემატოგრაფისტებსა და კინოინდუსტრიის პროფესიონალებთან, მასტერკლასები და კონფერენციები ჩვენებებთან ერთად შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის საქართველოში გადაღებული ფილმი „პრეზიდენტი“ გახსნის. რეჟისორი თავად წარუდგენს ფილმს ქართველ მაყურებელს.
საერთაშორისო კონკურსი კვლავ ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვან სექციად რჩება. ჟიურის თავმჯდომარე იქნება მარკო მიულერი, რომელიც კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა. რომისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, კინოკრიტიკოსი და პროდიუსერი საერთაშორისო ჟიურის მუშაობას წარუძღვება. ჟიურის წევრები იქნებიან: რეზა მირკარიმი – ირანული ახალი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პიტერ ვებერი – ბრიტანელი რეჟისორი, სევერია იანუშაუსკაიტე – ლიტველი მსახიობი, ნანა ექვთიმიშვილი – რეჟისორი, ავტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმისა „გრძელი ნათელი დღეები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები