ზურაბ ჟვანიას ნათესავმა, რომელიც ცხედრის ექსპერტიზას დაესწრო, სასამართლოს ჩვენება მისცა

 

   ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე ზურაბ ჟვანიას ბიძაშვილის მეუღლე დაიკითხა, რომელიც პრემიერის ცხედრის ექსპერტიზას დაესწრო.
სასამართლო პროცესზე თამილა აფაქიძემ აღნიშნა, რომ იგი ცხედრის გაკვეთის პროცესს ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას თხოვნით დაესწრო. მისივე თქმით, იგი ექსპერტიზის ბიუროში ბიოლოგიური განყოფილების ექსპერტად მუშაობდა.
მოწმე აფაქიძემ აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ შევიდა ოთახში, სადაც ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა უტარდებოდა. როგორც აფაქიძემ განაცხადა, მომხდარმა შოკში ჩააგდო და ოთახი რამდენჯერმე დატოვა. მისი თქმით, შენიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში ნაჭდევი ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მას სხვა რაიმე დაზიანება ზურაბ ჟვანიას სხეულზე არ შეუნიშნავს.
ამასთან, თამილა აფაქიძემ აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ლევან ჩაჩუას დავალებით მას მიაწოდეს სინჯარა და ბამბა, რათა ნერწყვის ნიმუში აეღო. ამასთან, მოწმის თქმით, ზურაბ ჟვანიას ორგანოები დაილუქა და მისი მეუღლის მანქანით წაიღეს საზღვარგარეთ გასაგზავნად, კერძოდ, ამერიკის საელჩოსთან მიიტანეს და საელჩოს წარმომადგენელს ჩააბარეს.
ამასთან, თამილა აფაქიძემ განმარტა, რომ როდესაც მომზადდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, ეს დასკვნა მიაწოდეს ხელის მოსაწერად.
“გამიკვირდა, მანამდე ხელი არაფერზე მომიწერია. ვიკითხე, ხელი რატომ უნდა მომწერა და მითხრეს, რომ ადგილზე ვიყავი ექსპერტიზის დროს და ამიტომ უნდა მომეწერა ხელი”, – განაცხადა თამილა აფაქიძემ.
მოწმეს არ ახსოვს, მოაწერინეს თუ არა მას ხელი ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ექსპერტიზის დასკვნაზეც. რაც შეეხება ხელმოწერას, მოწმემ შეკითხვების საპასუხოდ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს ხელმოწერა სამომავლოდ დასჭირვებოდა ლევან ჩაჩუას. კერძოდ, მისი თქმით, მან მოისმინა ჩაჩუას ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც, თუკი ჟვანიას თავის ქალაზე დაზიანება ჰქონდა, მისი ნათესავი ესწრებოდა ექსპერტიზას და ამას გაახმაურებდაო.
“ამან მაფიქრებინა, რომ შესაძლოა, ჩემი ხელმოწერა გამოეყენებინათ”, – განაცხადა თამილა აფაქიძემ.
აფაქიძე, პროკურორების შემდეგ, დაცვის მხარემაც დაჰკითხა. მას არაერთი შეკითხვა დაუსვა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ. ჩაჩუას საპასუხოდ თამილა აფაქიძემ განაცხადა, რომ ექსპერტისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ჩაჩუას მხრიდან მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაზე ხელმოწერას, ლევან ჩაჩუამ აღნიშნა, რომ, როგორც ახსოვს, თამილა აფაქიძისთვის მას დასკვნა ხელმოსაწერად არ გადაუცია.
ლევან ჩაჩუამ ასევე იკითხა, ვისი ინიციატივით შევიდა თამილა აფაქიძე სასექციო ოთახში, სადაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობდა. მოწმემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გოგლა ჟვანიას თხოვნით შევიდა, რადგან მას, როგორც ექსპერტს, ჰქონდა ექსპერტიზის ოთახში შესვლის საშუალება. ჩაჩუამ იკითხა, ვისი ნებართვა იყო საჭირო, რომ იგი ექსპერტიზას დასწრებოდა, რაზეც აფაქიძემ უპასუხა, მისთვის ცნობილი არ არის, ნებართვა საიდან იყო გაცემული, თუმცა ექსპერტიზის ოთახში შესვლაში მას ხელი არ შეშლია. ქსპერტმა ჩიჩუამ ასევე იკითხა, თუკი გარდაცვალების მიზეზად დასკვნაში CO იყო მითითებული და ამას არ ეთანხმებოდა, რატომ მოაწერა ხელი დასკვნას. აფაძიძემ კი განაცხადა, რომ დასკვნას ზედაპირულად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები