ტრამპის ადმინისტრაცია ამზადებს რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ტაილენოლის (აცეტამინოფენი) გამოყენება ორსულობის დროს, შესაძლოა, აუტიზმის რისკს უკავშირდებოდეს,- ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
ტაილენოლი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის პოპულარული ბრენდია, რომელიც შეერთებულ შტატებში, კანადასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში იყიდება. მისი აქტიური ინგრედიენტია აცეტამინოფენი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ პარაცეტამოლი ეწოდება.
ჯანდაცვის მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის თქმით, ხელისუფლება ორსულებს ურჩევს, პრეპარატი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიიღონ, მაგალითად, მაღალი სიცხის დროს.
მედიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები ტაილენოლისა და აუტიზმის პირდაპირ კავშირზე დასკვნისთვის საკმარისი არ არის.
როგორც “ბიბისი” წერს, მკვლევართა შორის ფართოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომ აუტიზმის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს და ითვლება, რომ ის გენეტიკური და გარემო ფაქტორების რთული ნაზავის შედეგია.