ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცენტრალური აზიის საავტომობილო გზების კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში, ცენტრალური აზიის საავტომობილო გზების მე-4 საერთაშორისო კონფერენცია (CARC) ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ვახუშტი ბაგრატიონი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძე.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები და გზის მშენებლობის ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები.
კონფერენციის მიზანია, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შორის კონტაქტების დამყარება და განვითარება, ინდუსტრიის მიმდინარე საკითხების განხილვა და ეფექტიანი გადაწყვეტების ძიება, შესაბამისი სამინისტროების, ასოციაციების, გზის სამშენებლო მასალების, ქიმიკატების, დანამატებისა და ბიტუმის აღჭურვილობის მწარმოებლების, კვლევითი ინსტიტუტების, სავაჭრო და გზის მშენებელი კომპანიების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის განვითარება.
კონფერენციის პირველ დღეს, მონაწილეებმა ისაუბრეს საგზაო ინფრასტრუქტურაში გლობალური გამოწვევებისა და ადამიანური კაპიტალის შესახებ, მომავალი თაობის საგზაო ინჟინრების განვითარებაზე; ციფრული გზების და ჭკვიანი ინფრასტრუქტურის დანერგვაზე; საერთაშორისო სტანდარტების, ITS-ის ინტეგრაციასა და ციფრულობის როლზე გზების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. ასევე, საუკეთესო პრაქტიკაზე ITS-ის დანერგვაში სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგისთვის; ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე თანამედროვე ასფალტის ლაბორატორიაში; კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე და მდგრადი საგზაო ინვესტიციების ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებზე.
CARC-ი წარმოადგენს ძირითად პლატფორმას გამოცდილების გაცვლისა და გზების მშენებლობაში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვაში. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება აქვთ მოიძიონ პარტნიორები და სპონსორები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება დაფინანსების და რესურსების უზრუნველყოფის საკითხებში.