ნოდარ ხადურის ოჯახი მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობს

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი უბნის აღმწერთან ერთად გლდანის რაიონში, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ოჯახში მივიდა და პირადად შეავსო ოჯახის კითხვარი. ნოდარ ხადურმა საქსტატის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მისი ოჯახის 8 წევრის პირადი მონაცემების შესახებ. ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესი უმნიშვნელოვანესად შეაფასა.
,,ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ბოლო 12 წელია მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელზეც ჩვენ იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ აღწერის მეშვეობით ძალიან ბევრ ინფორმაციას დავაზუსტებთ, რაც დაგვეხმარება სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„აღწერის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დღეს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ოჯახში მოვედით. აღწერის დასასრულს უახლოვდება. ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნისთვის და ყველა მოქალაქეს, ვინც იყო ამაში ჩართული ვუხდით მადლობას“, – აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორმა მერი დაუშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან დაიწყო. აღწერის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 ნოემბერს დასრულდება.
აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები