ქართული კინოს ფესტივალი „ქართული დუღილი“, ანუ „Fertmento Georgiano”

  იტალიაში, რომის პრესტიჟულ თეატრ „ტეატრო ვალეში“ ქართული კინოს ფესტივალი „ქართული დუღილი“, ანუ „Fertmento Georgiano” გაიხსნა. ფესტივალი იტალიაში საქართველოს საელჩოს, კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმის „შანტრაპას“ პრემიერით გაიხსნა. ქართველი რეჟისორის ფილმი „ტეატრო ვალეში“ ცნობილმა იტალიელმა მწერალმა და კინოკრიტიკოსმა ენრიკო გეძიმ წარადგინა. ფილმის ჩვენების შემდეგ ოთარ იოსელიანმა მაყურებლის შეკითხვებს უპასუხა. იტალიაში ქართული კინოს ფესტივალი 2 მარტამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება: თინათინ გურჩიანის ფილმი „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, რუსუდან ჭყონიას „გაიღიმე“ და გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“. 27 თებერვალს კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მიღება, სადაც მოწვეული სტუმრები ქართულ კერძებსა და ღვინოს დააგემოვნებენ. 1 მარტს კვირეულის ფარგლებში ჩატარდება „მრგვალი მაგიდა“, სადაც ეროვნული კინოცენტრის პრეზიდენტი ნანა ჯანელიძე და კინოცენტრის სხვა თანამშრომლები იტალიელ პროდუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ისინი საქართველოში კინოს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებენ. 2 მარტს, კინოფესტივალის დახურვის დღეს – იტალიელ მაყურებელს საშუალება მიეცემა, გაეცნოს ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომელსაც რომში არსებული ქართული დიასპორის გუნდი შეასრულებს. რომში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს შორის ქართული კინოს ფესტივალი საზოგადოების ინტერესთა ათეულში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები