ემზარ კვიციანის თანამებრძოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ემზარ კვიციანის ყოფილი თანამებრძოლები კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის ფაქტს აპროტესებენ და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
კვიციანის ოჯახის წევრები და ყოფილი თანამებრძლები ფიქრობენ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი პროკურატურაში “ნაციონალური მოძრაობის“ ნდობით აღჭურვილი პროკურორების ყოფნით არის განპირობებული.
როგორც “კვირასთან“ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა კავშირის“ თავმჯდომარემ ირაკლი ლომიძემ განაცხადა, მასთან ერთად შიმშილობის დაწყებას კვიციანის თანამებრძოლები ემზარ ქვარიანი და მიხეილ ცილიკიშვილიც აპირებენ.
“სასამართლომ დღეს უკანონო განაჩენი გამოაცხადა. ემზარ კვიციანს განაჩენი ახალი ხელისუფლების ხელით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუტანა. პროკურატურაში კვლავ ყოფილი ხელისუფლების პერიოდის პროკურორები არიან, სწორედ მათი “ძალისხმევით“ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონობასთან შერიგებას და ემზარის თანამებრძოლები შიმშილობას ვიწყებთ“, – აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.