ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ალასანიას უერთდება?

გაზეთი “პრაიმტაიმი” ლევან გაჩეჩილაძისა და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას შესაძლო ალიანსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, “ირაკლი ალასანიას გაოპოზიციონერებამ “გრეჩიხების” გააქტიურების მოლოდინი გააჩინა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები ხელისუფლების ქმედებებით აქამდეც უკმაყოფილოები იყვნენ და ახლა – მით უფრო. „ისიც ივარაუდეს, რომ ძალიან მალე მათ ირაკლი ალასანიას გვერდით ვიხილავთ. გარდა იმისა, რომ გრეჩიხები“ და ალასანია თავის დროზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები იყვნენ და პარლამენტის წინ მიტინგებს ერთად მართავდნენ, მათ საერთო მეგობარიც ჰყავთ – გია კორკოტაშვილი“, – წერს გამოცემა.
კორკოტაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიას ძალიან ახლოს იცნობს, თუმცა თანამდებობიდან გაშვების შემდეგ მასთან შეხვედრა ჯერჯერობით არ შემდგარა. რადიოწამყვანი ამბობს, რომ ინიციატივა „მასპინძლისგან“, ანუ ალასანიასგან უნდა წამოვიდეს და სწორედ ასეთ შემთხვევაში დაუსვამს თავდაცვის ყოფილ მინისტრს იმ კითხვებს, რომელიც პირადად მას გაუჩნდა. „ამაზე აქტიურად რომ მიმდინარეობდეს საუბარი, აუცილებლად ჩამაყენებდა საქმის კურსში ლევანი, ჩვენ მეგობრები ვართ. პირადი შეხვედრებისას რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის კონფიდენციალური საუბრები და არ არის გარეთ გამოსატანი. ჩვენ შეიძლება ერთმანეთში კონკრეტულ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებები გამოვთქვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციაში მივდივართ…ირაკლის ახლოს ვიცნობ, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან რაღაც მომწონს და რაღაც – არა, თუმცა ჩვენ ალიანსში ნამდვილად არ ვართ. თუ სადმე გადავეყრები ალასანიას, ჩემს კითხვებს ნამდვილად დავუსვამ, მე მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება შეხვედრას, ინიციატივას მე არ გამოვიჩენ. ამ შემთხვევაში მასპინძლები თავად არიან და მასპინძელმა თვითონ უნდა დაგპატიჟოს, ხომ ასეა? ისე კი, ქმედებები მიდის ჩვეულებრივად, აღმაშფოთებელი ჯერჯერობით ჩემთვის არაფერი არ არის“, – ამბობს კორკოტაშვილი. რაც შეეხება გაჩეჩილაძეებს, მათი განცხადებით, არც ერთი არ აპირებს პოლიტიკით დაინტერესებას, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. „პოლიტიკისგან ძალიან შორს ვდგავარ, ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეა და მეტი არაფერი არ ხდება“, – აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე. გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ კი ამბობს: „საიდან მოიტანეს, რა უბედური ჭორიკანა ქალაქია, არაფერი ასეთი არ ხდება. არაფერი მსგავსი არ ხდება, არანაირი ოპოზიცია და არანაირი ხელისუფლება, მოვეშვი მე პოლიტიკას. ამ ეტაპზე საერთოდ არ ვიმყოფები საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები