ადლიის სანაპირო ზოლის გამაგრება ხორციელდება
საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადლიის სანაპირო ზოლის გამაგრებას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მოინახულეს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ,პროექტის მიხედვით, ადლიაში 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრება მიმდინარეობს, შენდება ქვანაყარი ბერმა, რომელიც შტორმისაგან ნაგებობის გამორეცხვას შეაჩერებს. მათივე განცხადებით, მიმდინარე სამუშაოები, სანაპიროს შენარჩუნებას და მგზავრთა უსაფრთხოდ ტრანსპირტირებას უზრუნველყოფს. სამუშაოებზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.
„აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა და დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა – სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს. ადლიის სანაპირო ზოლის გამაგრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს და პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება“, – აცხადებენ სამინისტროში.