6 წლის ბიჭი Microsoft-ის ყველაზე ახალგაზრდა IT- სპეციალისტია
წარმოშობით პაკისტანელმა, ბრიტანელმა აიან კურეშიმ Microsoft Certified Professional-ის გამოცდის ჩაბარება შესძლო, იმ დროისთვის ის მხოლოდ 5 წლის იყო. ამჟამად აიანი 6 წლისაა და მხოლოდ ახლახან დაიწყო დაწყებით სკოლაში სწავლა. ამ ინფორმაციას გამოცემა „Mirror“-ი ავრცელებს.
აიანის მამის აზიმ კურეშის თქმით, მისმა შვილმა კომპიუტერით დაინტერესება ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში გამოავლინა. მას შემდეგ რაც მამამ შვილის დიდი ინტერესი შეამჩნია, ბავშვს კომპიუტერების შესახებ მთელი თავისი ცოდნა გადასცა. აზიმმა მისთვის კომპიუტერული ლაბორატორია შექმნა, სადაც ბიჭი მთელ თავისუფალ დროს ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ აიანმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, პატარა ასაკის გამო, მას მუშაობის დაწყების უფლება მხოლოდ 8 წლის შემდეგ მიეცემა. ბიჭს იმედი აქვს, რომ მისი სამომავლო პროფესია კომპიუტერებთან და მათემატიკასთან იქნება დაკავშირებული.
Microsoft Certified Professional-ის გამოცდა სრულწლოვანებისთვისაა განკუთვნილი. მის ჩაბარებას როგორც წესი უნივერსიტეტის დასრულების ან მასში სწავლის დამამთავრებელ ეტაპზე ახერხებენ. ამ გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი დამსაქმებლებს შორის ძალიან კარგად ფასდება.