“ბატონი ივანიშვილი იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა“
ბატონი ივანიშვილი იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას განაცხადა. ალასანია ფიქრობს, რომ თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება ბრალმდებლის საუბარს ჰგავდა.
“ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ის ეჭვები, რომელიც მქონდა პოლიტიკურ შევიწროებასა და დევნასთან დაკავშირებით, როცა დავინახე, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ზუსტად იმეორებდა იმ ბრალდებას , რომელსაც მათ პროკურატურა სთავაზობდა , არც კი გაითვალისწინა თავდაცვის სამინისტროდან წამოსული ახსნა-განმარტება. ეს ყველაფერი ბატონი ივანიშვილის გამოსვლამ დააგვირგვინა, რომელიც იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა. გამაოცა, რადგან, პრაქტიკულად, ბრალმდებელი გამოვიდა ივანიშვილის სახით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.