„ვალდებულების განცდა არავის მიმართ არ მაქვს, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ“
მე არანაირი ვალდებულების განცდა არავის მიმართ არ მაქვს, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. ალასანია მიიჩნევს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების“ გამარჯვებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილი აღსანიშნავია, თუმცა მისი თქმით, კოალიციის სხვა წევრებმა, მათ შორის მისმა თანაგუნდელებმა ამ გამარჯვების მომწიფებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
“უნდა აღინიშნოს ის დიდი წვლილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა კოალიციის გამარჯვებაში, 2012 წლის არჩევნებში, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო საზოგადოების და სხვა კოალიციელების დამსახურებაც. როდესაც ჩემმა თანამებრძოლებმა და თანაგუნდელებმა იმ რეჟიმის წინააღმდეგ დავიწყეთ ბრძოლა, ბუნებრვია ძალიან დიდი გზა გავიარეთ, რომ პოლიტიკურად მოგვემწიფებინა საზოგადოებაშიც და სახელმწიფოშიც ამ გამარჯვების წინაპირობები. აქედან გამომდინარე, მე არანაირი ვალდებულების განცდა არავის მიმართ არ მაქვს, მათ შორის არც ივანიშვილის მიმართ, ეს იყო საერთო საქმე და ამ საქმეში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილთან ბოლო შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ყოფილი პრემიერი “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის თავმჯდომარედ არჩევისგან თავშეკავებას ურჩევდა.
“ერთადერთი, რაც ყველაზე უფრო მომხდვა ყურში და თვალში არის ის, რომ საუბარში ხშირად ახსენებდა, თავი შემეკავებინა პარტიის თავმჯდომარედ არჩევისგან. ეს იყო აბსოლუტურად აუხსნელი და მოულოდნელი. ამან კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული. დანარჩენ დეტალებზე არ ვისაუბრებ – ეს არ იყო დაძაბული საუბარი, ძალიან გულღია საუბარი შედგა”, – აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.