პრეზიდენტის თქმით, კულისებიდან მართვის თაობაზე განცხადების ადრესატი ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის კულისებიდან მართვის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადების ადრესატი საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა, – ამის შესახებ მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ განცხადების შემდეგ, ყველაზე ადეკვატურად ამის ილუსტრაცია თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, როდესაც კოალიციისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა.
„იმ მომენტში, როდესაც მე ავსტრიაში ვიყავი, ბიძინა ივანიშვილი არ ჩანდა პოლიტიკურ ავანსცენაზე. მედიის მეშვეობით ჩანდა ძალიან უსიამოვნო პოლემიკა ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტებს შორის და ვარაუდი იმისა, რომ ამის უკან იდგნენ პოლიტიკოსები თავისი პოლიტიკური ინტერსებით. ეს ვარაუდი იყო, რამაც მიბიძგა ამ ფრაზისკენ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.