ადვოკატები კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალებს ეცნობიან
გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და ადვოკატები თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან. ისინი გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალების ბოლო ორი ტომს ეცნობიან.
როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ამ დრომდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები და აქამდე გაცნობილი მტკიცებულებების შედეგად მან ვერ ნახა ვერაფერი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას გაამყარებდა.
“ვერ ვნახე მტკიცებულება იმ ვერსიის გასამყარებლად, რომელზეც ამ ხნის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, ვერ ვნახე ასევე უეჭველი გარემოება იმისა, რომ აქ დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შუალედური პოზიცია მაქვს, ვრჩები ჩემს ვერსიაზე. ეს უფრო ლოგიკურია”, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, მტკიცებულებების გაცნობის პარალელურად დაზარალებული მხარე ხელით იწერს მისთვის საინტერესო დეტალებს, მასალების გაცნობის შემდეგ კი, გარდაცვლილის ოჯახი საკუთარ სამართლებრივ ანალიზს საზოგადოებას გააცნობს.
კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სამართლებრივი ანალიზი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პირველად საგამოძიებო ვერსიას ოფიციალურად წარადგენს.