პროკურორი: თავდაცვის მაღალჩინოსანთა ადვოკატები საქმეს შეგნებულად არ ეცნობოდნენ
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს არაერთხელ ჰქონდათ შანსი, საქმის მასალებს გასცნობოდნენ, მაგრამ ჯიუტად არ იყენებდნენ. ადვოკატების თვალთმაქცური ქმედებები მიმართული იყო, რათა შეექმნათ ხელოვნური საფუძველი და თავი წარმოეჩინათ უფლებადარღვეულებად, რაც მათი არჩეული ტაქტიკაა – ამის შესახებ „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.
„2014 წლის 29 ოქტომბერს ხუთივე ბრალდებულს: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს და გიზო ღლონტს და მათ ადვოკატებს დროებითი მოთავსების იზოლატორში წარედგინათ საქმის მასალები. ვინაიდან არცერთ ადვოკატს არ ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება და, შესაბამისად, არ ჰქონდათ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის სათანადო პირობები (იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული, სათანადოდ დაცული იზოლირებული სადგომი, დოკუმენტების შესანახად სეიფი ან/და რკინის კარადა), ადვოკატებს განემარტათ, რომ ვერ მოხდებოდა მათთვის საიდუმლო მასალების გადაცემა. გამომძიებლის მიერ თითოეული ადვოკატი გაფრთხილებული იქნა სახელმწიფო საიდუმლოების გაუმჟღავნებლობაზე და მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადებს უარი იმ მოტივით, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო სათანადო პირობები დოკუმენტაციის გასაცნობად და მოითხოვეს დოკუმენტების მათთვის ხელზე გადაცემა“, – აღნიშნავს ჯარჯი წიკლაური. მისივე თქმით, 30 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების განხილვამდე, გამომძიებელი ტელეფონით დაუკავშირდა ბრალდებულების ადვოკატებს, რათა საშუალება მისცემოდათ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში მისულიყვნენ და მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, მშვიდ ვითარებაში სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც მათ ასევე დაუსაბუთებლად განაცხადეს უარი.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, რისკენაც გვიბიძგებდნენ ადვოკატები, რამეთუ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, მათ შენახვის სათანადო პირობები არ ჰქონდათ, რაც ავტომატურად ჩაითვლებოდა პროკურატურის მხრიდან კანონის დარღვევად“, – განუცხადა „კვირას“ საქმის პროკურორმა.
მისივე თქმით, ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ ბრალდებულების ადვოკატებს 2014 წლის 5 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც წარმოადგინა ორდერი, გაეგზავნათ წერილი და მათ მიეცათ შეთავაზება, მიემართათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვევრის დეპარტამენტისთვის. წიკლაურის ინფორმაციით, პროცედურების გავლისთანავე ბრალდების მხარე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა საქმის მასალების სრულად გადაცემას დაცვის მხარისათვის. მისივე თქმით, პროკურატურის ეს შეთავაზებაც ადვოკატებმა დატოვეს რეაგირების გარეშე.
„დამატებით 2014 წლის 5 ნოემბერს ბრალდებულებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს გაეგზავნათ წერილი და განემარტათ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს ბრალდებულების ყოფნის ადგილას (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) მიეცემოდათ საშუალება, მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად სპეციალურ გამოყოფილ ოთახებში, სრულყოფილად გაცნობოდნენ საქმის მასალებს და ასევე ექნებოდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ მათთვის სასურველი ჩანაწერები, მაგრამ მიუხედავად ბრალდების მხარის არაერთი შეთავაზებისა, არცერთ ადვოკატს არ გამოუთქვამს თანხმობა“, – ამბობს ჯარჯი წიკლაური. ამასთანავე პროკურორი აცხადებს, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში ბრალდების მხარე შეხვდა ხუთივე ბრალდებულს მათ ადვოკატებთან ერთად და წარედგინათ საქმის მასალები.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელმაც დაიწყო დოკუმენტების გაცნობა, ადვოკატ გიორგი სამუშიას მითითებით, შეწყვიტა საქმის მასალების გაცნობა, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.
„ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ადვოკატების თვითმიზანი არ ყოფილა საქმის მასალების გაცნობა, რამეთუ მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ იყენებდნენ. ადვოკატების თვალთმაქცური ქმედებები მიმართული იყო, რათა შეექმნათ ხელოვნური საფუძველი და თავი წარმოეჩინათ უფლებადარღვეულებად, რაც არის მათი არჩეული ტაქტიკა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტაქტიკა, რომელიც მიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისაკენ, რეალურად აზიანებს ბრალდებულის ინტერესებს, ვინაიდან ადვოკატები ზრუნავენ არა ბრალდებულების რეალურ დაცვაზე, არამედ მათი თვალთმაქცური ქმედებები მიმართულია, საკუთარი თავის მასმედიით გაპიარებაზე“ ,- აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.