ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ტანსაცმლის გამოკვლევა მოითხოვა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ტანსაცმლის გამოკვლევა მოითხოვა. ამის თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ლევან ჩაჩუას ადვოკატის განცხადებით, ტანსაცმელი, რომელზეც მამა საუბრობს, ჟვანიას გარდაცვალების მთავარი საქმის ნივთმტკიცებულებებში ინახება და მისი გამოკვლევით სიმართლე დადგინდება. ჩაჩუას მოთხოვნის საფუძველი კი ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი უსუპოვის მამის, იაშარ უსუპოვის განცხადება გახდა. უსუპოვის განცხადებით, მისი შვილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან შესახვედრად ჭუჭყიანი ტანსაცმლით არ წავიდოდა, გარდაცვალების მომენტში კი, დასვრილი ტანსაცმელი ეცვა, რაც უბედურ შემთხვევას გამორიცხავს. პროკურორმა რევაზ ნადოიმ აღნიშნა, რომ ჩაჩუას საქმე ცალკეა გამოყოფილი და ამ საქმესთან ტანსაცმელს კავშირი არ აქვს. პროკურორის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ბრალდებულმა განცხადება გააკეთა. “თუ თქვენი მიზანი იყო ჩემი დასჯა, ეს გამოგივიდათ – 9 თვეა, პატიმრობაში ვიმყოფები. ახლა ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს. ეს საქმე 10 წელი არ გაჩერებულა და კიდევ 15 წელს არ გაჩერდება. საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე, რაც მნიშვნელოვანია. ეს საქართველოს ისტორიაა. ამხელა კაცია მკვდარი. მე ბრალდებულის პოზიციიდან ვამბობ, რომ სიმართლის დადგენის მიზნით გამოვიკვლიოთ ტანსაცმელი და თქვენ მეწინააღმდეგებით? რომელ ლოგიკას ექვემდებარება”, _ განაცხადა ჩაჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები