სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის განახლებული შენობა გაიხსნა

      ცენტრში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო ცენტრმა ორგანიზება გაუკეთა შენობისა და ინსფრასტურქტურის სრულ განახლებას. შენობა ექსპლუატაციაში 2005 წელს შევიდა, რის შემდეგაც ის არ განახლებულა.
რეკონტრუქციის შედეგად სასწავლო პროცესის მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი გახდა: მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ღია და დახურული სპორტული დარბაზები, რომელიც ასევე მოემსახურება ნორმატივების ჩაბარების პროცესს. მანამდე მონაწილეები ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ნორმატივებს აბარებდნენ ქუჩაში, თუმცა ცენტრს ამისთვის ტერიტორია გააჩნდა.
ცენტრში ასევე განახლდა იმიტირებული საკანი ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ეფექტურად ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც ტრენერს საშუალებას მისცემს, ახლად მიღებულ თანამშრომელს რეალურად დაანახვოს გამოწვევები, რომელსაც ის პრაქტიკაში შეხვდება; ცენტრი აღიჭურვა ახალი ტექნიკური საშუალებებით, რაც ტრენინგის ჩატარების პროცესს უფრო კომფორტულს გახდის როგორც მსმენელთათვის, ასევე ტრენერთათვის. აღნიშნული საშუალებების უმეტესობა შეძენილი იყო ცენტრის გახსნის პერიოდში და საჭიროებდა განახლებას; გაუმჯობესდა რეგიონიდან ჩამოსულ მონაწილეთა დასარჩენად გამოყოფილი საცხოვრებელი ოთახები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საშუალებები. სრულად გამოიცვალა ავეჯი, ლოგინი და თეთრეული, რომელიც ასევე 2005 წლიდან გამოიყენებოდა და მოძველებული იყო. ხანგრძლივი გამოყენების გამო სრულად გამოიცვალა მსმენელთა მოძველებული უნიფორმა.
შენობის გახსნაზე მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ხსენებული სიახლეები და ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. სასწავლო ცენტრის დირექტორმა მაია ხასიამ დამსწრე საზოგადოებას 2013 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა და ცენტრის სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში შედგა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორსა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საელჩოების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და სასწავლო ცენტრის პარტნიორები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები