მამა გაბრიელის დის შვილიშვილს პირადობის მოწმობა არ აქვს – 19 წლის ახალგაზრდა ატესტატს ვერ იღებს

მამა გაბრიელის დის შვილიშვილი, რომელიც 19 წლისაა, პირადობის მოწმობას ვერ იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ემა ურგებაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ახმაურებს. მისი თქმით, მისი შვილიშვილი რუსეთის მოქალაქის გვარზეა და დღემდე პირადობის მოწმობას ვერ იღებს, შესაბამისად, არ აქვს ატესტატი და სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.
„სამი შვილი მყავს. ამ სახლში ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ. გავზარდე შვილიშვილები, მათ შორის – ქალიშვილის ვაჟი, რომელიც 19 წლისაა. ამ ბავშვთან ისეთი ტკივილი მაქვს. ბავშვი მე გავზარდე, მამამ მასზე უარი თქვა, შვილი არ უნახავს, თუმცა, ჩემმა ქალიშვილმა მამის გვარზე დაწერა. ვინაიდან ბავშვის მამა რუსეთის მოქალაქეა, აქ მას პირადობის მოწმობას არ აძლევენ. არადა თბილისში დაიბადა, რუსეთი თვალითაც არ უნახავს, აქ ავიღეთ დაბადების მოწმობა, აქ დაამთავრა სკოლა, აქ ჰყავს მეგობრები, აქ არის მისი სახლი… რა დააშავა, სკოლა დაამთავრა, მაგრამ ამ მოწმობის არქონის გამო, ატესტატს ვერ იღებს, ვერც უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს სწავლას, ვის მივმართო… ჩემი ტკივილი იმიტომ გაგანდე, რომ, ვისაც ჰგონია, ამ ქუჩისთვის ჩემი ძმის სახელის მინიჭებაზე ვიღაცები შევაწუხე, არ დაიჯეროს! ხომ ხედავთ, მეც ისევე ვცხოვრობ, როგორც სხვები, ხოლო, ვინც ერის კუთვნილებად იქცა, მათი სახელის მინიჭებას და უკვდავყოფას ჩვენ არავინ გვეკითხება, მათი სახელები უკვე ხალხის საკუთრებაა“, – აცხადებს ემა ურგებაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას მამა გაბრიელის სახელი ეწოდა. თავდაპირველად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მამა გაბრიელის დის თხოვნის შედეგად მიიღო. თუმცა, ევა ურგებაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საკრებულოსთვის თხოვნით არ მიუმართავს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა უსახელო ქუჩას დაერქმევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები