იაშარ უსუპოვი: მკერდის თავებზე მიცვალებულს ჰქონდა ნაჩხვლეტები, რაც იმას მოწმობს, რომ სხეულში შეუშვეს შხამი

 

   ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე, ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი, რაულ უსუპოვის მამა დაიკითხა. უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი უბედურ შემთხვევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ჟვანია და მისი შვილი მოკლეს.
როგორც პროცესის შემდეგ უსუპოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა თანასოფლელმა მოლებმა, რომლებმაც გარდაცვლილი უსუპოვი განბანეს, მის სხეულზე, მკერდის არეში ორი ნაჩხვლეტი შენიშნეს. გარდაცვლილის მამა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაჩხვლეტებიდან, რომელიც ლევან ჩაჩუას საკუთარ საექსპერტო დასკვნაში არ აუსახავს, შეშვებულია შხამი.
“მკერდის თავებზე მას ჰქონდა ნაჩხვლეტები, რაც იმას მოწმობს, რომ აქედან სხეულში შეუშვეს შხამი და მოკლეს”, – განაცხადა იაშარ უსუპოვმა.
პროცესის მიმდინარეობისას, ექსპერტ ლევან ჩაჩუასა და გარდაცვლილის მამას შორის შელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა. ექსპერტის თქმით, იგი ნებისმიერ დროს მზად არის უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მის მიმართ ექნებათ.
“ჩემს მტერს ის უბედურება, რაც თქვენ დაგემართათ. გულწრფელად გისამძიმრებთ. ჩემი პროფესიის ფარგლებში ხშირად მხვდებოდნენ თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და უმრავლეს შემთხვევაში ვაკმაყოფილებდი მათ ინტერესებს. როდესაც სასამართლო ჩემი დაკითხვის ეტაპზე გადავა, თქვენ შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერ შეკითხვა და თუ ამის საშუალება მაინც არ გექნებათ, როდესაც გამოვალ ციხიდან, თუ ცოცხალი ვიქნები, შემიძლია შეგხვდეთ და ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. გეტყვით სიმართლეს, გინდათ ჩემს ქრისტესთან დავიფიცებ, გინდათ – თქვენს ალაჰთან”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
გარდაცვლილის მამამ ექსპერტის მისამართით კიდევ ერთი შეკითხვა დასვა – თუკი სოფლის მოლებმა, რომლებმაც გარდაცვალების მეორე დღეს განბანეს მიცვალებული და შეამჩნიეს მკერდის არეში დაზიანებები, რატომ ვერ შეამჩნია ეს ექსპერტმა. ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილის მამის ამ განცხადების საპასუხოდ განმარტა, რომ საექსპერტო დასკვნაში ასახა სიკვდილის მიზეზი – გაზი, CO. თუმცა ექსპერტის თქმით, ეს არ გამორიცხავს სხვა შემთხვევბსაც.
“CO-თი შესაძლებელია მოხდეს უბედური შემთხვევაც, თვითმკვლელობაც და მკვლელობაც. თუმცა ამას ამ შემთხვევაში პროკურატურამ უნდა უპასუხოს. მე ჩემს დასკვნაში აღვწერე სიკვდილის მიზეზი”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უსუპოვის მამის გარდა, დაიკითხნენ იმ სოფლის მოლები, საიდანაც რაულ უსუპოვი იყო წარმოშობით. კერძოდ მათ განაცხადეს, რომ გარდაცვლილი თბილისიდან გადასვენების შემდეგ მათ განბანეს და განბანვისას სხეულზე მკერდის არეში შენიშნეს ორი ნაჩხვლეტი, ასევე ყელის არესთან შენიშნეს მუქი ფერის ზოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები