საუკეთესო ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტისათვის სერვისების განვითარების სააგენტოს პრიზი გადაეცა
საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული ღონისძიების – GITI 2014-ის ერთ–ერთი პრიზის მფლობელი სერვისების განვითარების სააგენტო გახდა – ამის შესახებ „კვირას“ სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ჟიურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს IT მენეჯმენტის არსებული მოდელი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული და სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული ღონისძიების გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში, „საუკეთესო IT (ინფორმაციული ტექნოლოგიების) მენეჯმენტი“.
„საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული კონფერენცია – GITI 2014, 6-7 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო იყვნენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები იყო. ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს“, – აცხადებენ სააგენტოში.
ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტები, რომლებმაც ნომინაციაში „საუკეთესო IT (ინფორმაციული ტექნოლოგიების) მენეჯმენტი“ წარადგინეს სერვისების განვითარების სააგენტოში IT დეპარტამენტების სტრუქტურა, სათათბირო ორგანოებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაციის სტრატეგია და ის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტაცია, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესების მართვა და ორგანიზება ხდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ორგანიზებულ კონფერენციებში რეგულარულად მონაწილეობს.