პრემიერი ყოფილ მინისტრებზე: მათ სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი სახე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის შეფასებით, ბოლოდროინდელი განცხადებებითა და ქმედებებით მთავრობის ყოფილმა წევრებმა რეალურად ჩამოიხსნეს ნიღაბი და საკუთარი სახე გამოაჩინეს.
“გუშინ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადება, რომ თურმე მე უნდა გადავმდგარიყავი. აი, თურმე რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ეს ძალიან არასერიოზული შეფასებაა მათი მხრიდან. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულნი ემსახურათ სახელმწიფოსთვის. მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი სახე. თვითლუსტრირება მოახდინეს. დიდი სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად სხვა ადამიანებს ვუყურებდი. ძალიან სამწუხაროა ის განცხადებები და ქმედებები, რაც განახორციელა მაია ფანჯიკიძემ, ირაკლი ალასანიაზე აღარ ვლაპარაკობ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.