„ექსპო ჯორჯიაში“ ყოველწლიური ყველის ფესტივალი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი გაიმართა.
ღინისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ გახსნეს.
,,საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. მსგავის ღონისძიებებიც სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ქართული ყველის წარმოების ტრადიციების ხელშეწყობას და ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერას. ეს დაეხმარება ქართულ ნაწარმს ევროპულ ბაზარზე ძლიერი პოზიცია დაიმკვიდროს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის ყველი, მათ შორის: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, თაფლში და ღვინიში დავარგებული ყველი, პარმეზანი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველი და სხვა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული ბრენდირებული ყველის ანალოგები. 2014 წლის ყველის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უძველესი რეცეპტების მიხედვით აღდგენილი 2 სახეობის ახალი ყველი – აჭარული ,,შუშველა“ და ციკნის ფაშვში დავარგებული მესხური ყველი.
ყველის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ყველი, მონაწილეობა მიეღოთ ყველის დამზადების პროცესში და თვალი ედევნებინათ ოსტატების მიერ ელარჯისა და თაშმაჯაბის დამზადების პროცესისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უკვე დაპატენტებული 14 სახეობის ყველის, ასევე ახლო მომავალში დასაპატენტებელი ყველისა და ღვინის ნიმუშებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსიც, სადაც წლის ყველის მწარმოებელი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდა.
ყველის მწარმოებელთა გილდიის ინიციატივით, მომავალ წელს ყველის ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონებში იგეგმება.