მოაწერა თუ არა ხელი ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებას – უმრავლესობის წევრების განცხადებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ფლობენ ინფორმაციას გიორგი რუხაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში ვიზიტისას იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში ფრაქციისა და უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, თუკი საფრანგეთში თავდაცვის მინისტრის მხრიდან რაიმე ხელშეკრულება გაფორმდა, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი.
“თუკი მსგავსი ხელშეკრულება არსებობს, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი და ჩვენ და ჟურნალისტებს მასზე დაშვება არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
საფრანგეთში რაიმე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს ნუკრი ქანთარიას.
თუმცა, მისი თქმით, ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის განხეთქილების მიზეზი ეს არ გამხდარა.
“განხეთქილების მიზეზი იყო ის, რაც ყველამ იცის – სავარაუდო კორუფციული გარიგება, რომელიც გულისხმობს სადენების საქმეს თავდაცვის სამინისტროში“, – აღნიშნა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ “ქრისტიან-დემოკრატების” ყოფილმა წევრმა, ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში ვიზიტისას იარაღის შესყიდვაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მისი დაპირისპირების მიზეზია. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც რუხაძე აცხადებს, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება რუსეთს არ მოეწონებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები