„ეროვნული ფორუმი“ კოალიციაში მანამ დარჩება, სანამ საზოგადოებას ჩვენი ერთობა სჭირდება“

„რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციიდან შესაძლო გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატის განმარტებით, ის, რომ „რესპუბლიკელები“ მათივე კოლეგების – „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების მიმართ არიან სოლიდარულები, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კოალიციას ტოვებენ.
მიროტაძემ კოალიციაში „ეროვნული ფორუმის“ დარჩენის შესახებაც ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, კოალიციაში მყოფმა პარტიებმა ერთად აიღეს პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დემონტაჟისა და ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობის შესახებ. დეპუტატის განცხადებით, ფორუმი მანამ დარჩება კოალიციაში, სანამ საზოგადოებას ამ პასუხისმგებლობის და ვალდებულებების აღსრულებისთვის მათი ერთიანობა სჭირდება.
„გამორიცხული არ არის, რომ „რესპუბლიკელები“ გავიდნენ კოალიციიდან, თუმცა როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ იქნება ბოლო პარტია, რომელიც დატოვებს კოალიციას. მე ამ ეტაპზე სხვა არგუმენტი არ მაქვს, რის მიხედვითაც ვივარაუდებდი, რომ მისი ეს ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და სხვა გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ეს ადამიანები სოლიდარულები არიან „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების მიმართ, ამაში ცუდი არაფერია. მეც ვარ სოლიდარული ჩემი კოლეგების მიმართ. რაც შეეხება „ეროვნული ფორუმის“ კოალიციაში ყოფნას, ჩვენი პარტია ყოველთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, თუ რა სჭირდება ქვეყნას. საზოგადოებას დღეს ჩვენი ერთიანობა სჭირდება, ვინაიდან ჩვენ ამ ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ერთად ავიღეთ“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები