კონსტანტინე გამსახურდია: 7 წელი – ნოემბერში გამართული აქციის სასტიკი დარბევიდან

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია 7 წლისთავზე 2007 წლის 7 ნოემბრის სისხლიანი დარბევის დღეს იხსენებს.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, აქციაში ჩართულ ადამიანებს განსხვავებული სულისკვეთება ამოძრავებდათ, მისი თქმით, რევანშისტებისთვის ეს იყო პირდაპირი უკმაყოფილება 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის და ცალკეული რეფორმის გამო. მას მიაჩნია, რომ მაშინ აქციის მონაწილეებს შეუქმნა ისტერიული და ირაციონალური განწყობა, რომელიც დაახლოებით ასე გადმოიცემა: “ოღონდ ესენი გავუშვათ და ვინც გინდა, ის მოვიდეს”.
„დღეს 2007 წლის ნოემბერში გამართული აქციის სასტიკი დარბევიდან 7 წელი გადის. ბევრი წამიკითხავს ამ აქციაზე, მის გასამართლებლად თუ საწინააღმდეგოდ დაწერილი. ოპონენტების მიერ იგი ცალსახად ბადრი პატარკაციშვილისა და “მოსკოვის” მიერ მართულად იქნა გამოცხადებული – დაახლოებით ისე, როგორი გრანდიოზული კარიკატურაც – მიმაგრებული ფოსტა-ტელეგრაფის შენობაზე – დაახვედრა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობასთან 5 დღით ადრე შეკრებილ 100 000-ზე მეტ ადამიანს.
კატეგორიულად უარვყოფ ინსინუაციას, რომ მე რამენაირი ფორმით “ვიმართებოდი” ვინმეს მიერ. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის როლს, ეს ცალკე საკითხია და სერიოზულ განხილვას იმსახურებს. – ესენია, უპირველეს ყოვლისა, გოგა ხაინდრავა, როგორც მისი ერთგვარი რწმუნებული პოლიტიკურ-ფინანსურ საკითხებში, ვალერი გელბახიანი, როგორც რწმუნებული ინტეპარტიულ საკითხებში და გიორგი თარგამაძე, როგორც მისი რეპრეზენტანტი მასმედიაში. ახლო ურთიერთობაში იყო ბადრისთან ლევან გაჩეჩილაძე, ასევე ხიდაშელ-უსუფაშვილის ტანდემი. სხვებზე რა მოგახსენოთ.
ბადრის რესურსი იყო სამი მიმართულებით – ერთი პოლიტიკური, რამდენადაც იგი თავის ბრიტანულ რეზიდენციაში საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრებს აწყობდა (მისი ერთ-ერთი ვიზიტორი იყო თუნდაც ბუშის ძმა გუბერნატორი ჯებ ბუში), მეორე იყო ფინანსური რესურსი, რომელიც პირადად მე თვალით არ მინახავს: როგორც მე, ისე პმ “თავისუფლება” თვითონვე ვაფინანსებდით ჩვენს ღონისძიებებს. მესამე ესაა ტელეიმედის პროპაგანდისტული მანქანა, რომლის მსგავსიც არც მანამდე, არც მერე არ ყოფილა ჩვენს უახლეს ისტორიაში. რამდენიმე შეხვედრაზე როგორც ბრიტანეთში, ისე თბილისურ რეზიდენციაში ბადრისთან, მე სერიოზული საუბრები მქონდა. მიუხედავად იმისა, მავანს ეს აწყობს თუ არა, ის მე განმიხილავდა როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს, მეტადრე თბილისთან და სამეგრელოსთან მიმართებაში.
ყველაფერი იგეგმებოდა კოლეგიალურ ფორმატში, გაერთიანებული ოპოზიციის სხდომებზე, 2007 წლის სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული. არაერთ სხდომას სხვათა შორის, მე ვთავმჯდომარეობდი. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ 2 ნოემბრის აქციას წინ უსწრებდა 30 ოქტომბრის ზუგდიდის აქცია, სადაც ჩვენ (უპირველეს ყოვლისა, პმ “თავისუფლების” აქტივმა და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა) გავტეხეთ მეგის ქარდავას ზონდერჯგუფების და კუდ-ის სასტიკი წინააღმდეგობა.
7 ნოემბრის აქციებს ასევე წინ უსწრებდა ე.წ. საგურამოს მანიფესტი, სადაც წამოწეული იყო ქვეყნის დემოკრატიზაციის თემა, კონკრეტული ინსტიტუციონალური ცვლილებების მოთხოვნები, საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა და ა.შ. ჩემთან ერთად აქ იყვნენ სხვა ლიდერებიც, შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გია თორთლაძე, პაატა დავითაია, ჯონდი ბაღათურია, კახა შარტავა. ჩვენ დაახლოებით ერთი პოზიციაზე გვეჭირა. ჩვენვე ვიყავით “იმედის” გადაცემების და პირდაპირი ჩართვების ხშირი სტუმრები, რამაც აქციების მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანა.
7 ნოემბერსვე საქართველოს ტელევიზიებით დაიწყო ხელისუფლების მიერ მანიპულირებული უნიჭო პიერკამპანია, სადაც ატრიალებდნენ ფარულ ჩანაწერებს, რომელთაც უნდა დაემტკიცებინათ ვითომდაც ჩვენი ჯაშუშური კავშირი კრემლთან და მის სპეცსამსახურებთან. ეს ჩანაწერები სინამდვილეში არაფერს არ ამტკიცებდა.არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის სასამართლო ამ ჩანაწერებს სერიოზულ მტკიცებულებად არ განიხილავდა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მე მომიწია ამ საკითხებზე მისვლა და საკმაოდ ხანგრძლივი დაკითხვა. როგორც იქ გაირკვა, ჩემი ყველა სატელეფონო ჩანაწერი ისმინებოდა. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში ცოტნე გამსახურდიას ვეუბნები, რომ რუსეთში შეიძინოს თეთრი ხარი. როგორც ირკვევა, ამან მოყურადებული კონტრდაზვერვა ფრიად დააბნია. მე სინამდვილეში ვგულისხმობდი ერთ კონკრეტულ ისტორიას, რომ ზუგდიდის დაცემის შემდეგ აფხაზეთში, კერძოდ, ილორში დროებით გადასულ ზვიად გამსახურდიას 1993 წელს შეუთავაზებია იქაური აფხაზებისთვის მოეძებნათ თეთრი ხარი – მე მას შევწირავო ილორის წმ. გიორგის სალოცავს ქართველი და აფხაზი ხალხების საერთო მომავლისთვისო, უთქვამს. აფხაზებს თეთრი ხარი ვერ მოუძებნიათ. ჰოდა მეც ვუთხარი ცოტნეს განმარტების გარეშე, რომ შეეძინა ეს თეთრი ხარი. ვგულისხმობდი იმას, რომ ეს ხარი შემდეგ ილორის წმინდა გიორგისთვის შეგვეწირა. საქართველოს კონტრდაზვერვამ ჩათვალა, რომ ეს იყო სპეცოპერაციის კოდური სახელი, რომლის მიღმაც იგულისხმებოდა ბადრი პატარკაციშვილი და მთავრობის სასახლის შტურმი, რასაც მოყვებოდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა (!)
აქციაში ჩართულ ადამიანებს განსხვავებული სულისკვეთება ამოძრავებდათ: რევანშისტებისთვის ეს იყო პირდაპირი უკმაყოფილება 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის და ცალკეული რეფორმის გამო. სხვების მოტივაცია კი ალბათ უფრო ის, რომ “ვარდების” დროს დეკლარირებული სამოქალაქო და დემოკრატიული იდეალები ფეხქვეშ იქნა გათელილი. ნამდვილად ურჩხულებრივი მუტაცია განიცადა შსს-მ, სასამართლო სისტემამ და სასჯელაღსრულებამ. დააუთოვეს პოლიტიკური სპექტრი, მოახდინეს ოპოზიციური პარტიების და, ზოგადად, საზოგადოების მარგინალიზაცია. ამ ყოველივემ ხალხში შექმნა სრულიად ისტერიული და ირაციონალური განწყობა, რომელიც დაახლოებით ასე გადმოიცემა: “ოღონდ ესენი გავუშვათ და ვინც გინდა ის მოვიდეს”. შედეგებსაც ვიმკით“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები