„სტრასბურგის სასამართლომ სანდრო გვირგვლიანის საქმის მასალები გადაარჩინა“

 იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამოძიება უნდა “გადაარჩინოს”. როგორც თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, საქმის მასალები გადაარჩინა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სანდრო გირგვლიანი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. მისივე თქმით, თავად ასფიქსია ხორხში , სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია.
„მე მინდა ვთქვა სიამაყით, რომ სტრასბურგის სასამართლო იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ის ორგანო, რომელმაც გირგვლიანის გამოძიების საქმის მასალები გადაარჩინა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც რეალურად მთლიანი გამოძიება უნდა გადაარჩინოს. რა გაგებით?! გახსოვთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ხელმძღვანელი ავითარებდა ასეთ ვერსიას – სანდრო გირგვლიანი გაიქცა, ეკალ-ბარდებზე გადაიჩეხა და ასე მიიღო ჭრილობებიო. ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დაუჯერებელია. ექსპერტიზის დასკვნაში წერია შემდეგი რამ: გვამზე აღინიშნებოდა ჭრილობები, რომელიც არამც და არამც არ იყო ეკალ-ბარდებზე დაცემის შედეგად მიღებული, ეს არის თითქოსდა მიზანმიმართულად ბასრი საგნიდან დასმული ჭრილობები, მათ შორის 4-5 ჭრილობა მიყენებული ყელზე და მათ შორის ერთი აღმოჩნდა მომაკვდინებელი. ის ერთი ჭრილობა რომ არ ყოფილიყო ხორხზე, სანდრო გირგვლიანი არ გარდაიცვლებოდა. ხორხზე მიყენებული იყო ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია სისხლდება, სისხლი მოხვდა სასუნთქ გზებში, რამაც გამოიწვია გაგუდვა, ანუ ასფიქსია. უშუალოდ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია, მაგრამ სახეზეა ჭრილობები. დასკვნა ამბობს, რომ ჭრილობა უნდა იყოს მიყენებული მჭრელი და ბასრი საგნით, რომელსაც ჰქონდა ტარი. ესაა, სავარაუდოდ დანა”, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესაძლებელი აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს, იუსტიციის მინისტრი აღნიშნულს არ გამორიცხავს.
“რატომაც არა?! სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, სასჯელაღსრულების სამინისტრო, პრეზიდენტი და მოსამართლეები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება ამ საქმეზე”, – აღნიშნა წულუკიანმა და იქვე დასძინა, რომ დადგა დრო, უფრო მნიშვნელოვან ეპიზოდს დაუთმოს ყურადღება გამოძიებამ, კერძოდ კი იმას, თუ რა მოხდა კაფეში და სასაფლაოზე. “ისმის კითხვა, ვისი დანა იყო, ვინ მიაყენა ჭრილობები? დასადგენია, რა გარემოებებში მიაყენეს ჭრილობა? ვფიქრობ, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ მას რამდენიმე ადამიანი უმკლავდებოდა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები