ირაკლი ოქრუაშვილს მიხეილ ქარელზე საუბარი არ სურს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა – ამის შესახებ ინფორმაციას “Prime Time News“-ი ავრცელებს. კითხვას, უკავშირდება, თუ არა მისი სამშობლოში დაბრუნება მომავალ თვითმართველობის არჩევნებს, ირაკლი ოქრუაშვილი სამი კვირის შემდეგ უპასუხებს.
“საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვედი. ჯერ თვითმმართველობის არჩევნებზე არაფერს ვფიქრობ. ამ თემაზე სამი კვირის შემდეგ დამირეკეთ და შემდეგ ვისაუბროთ,” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვას, ამ სამი კვირის განმავლობაში, ხომ არ გეგმავს კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, ოქრუაშვილმა მოკლედ უპასუხა: “ამ საკითხზე სამი კვირის შემდეგ ვისაუბრებ”.
რაც შეეხება მიხეილ ქარელთან მის დაპირისპირებას, ირაკლი ოქრუაშვილმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
“წარმოდგენა არ მაქვს, რა მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზეა საუბარი. არ ვადევნებ თვალს და საერთოდ არ ვათემებ მაგ საკითხს,” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და გორის მერობისთვის იბრძოლებს, თუმცა, ის ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ჟურნალისტმა მას შეფასება სთხოვა, ვანო მერაბიშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საკითხია, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვანო მერაბიშვილის პროცესებისა და განაჩენის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთიდან საქართველოში საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად, გასული წლის სექტემბერში გადმოვიდა.