საგანმანათლებლო პროგრამა „ბრწყინვალე მეფეები“ იოსებ გრიშაშვილის სახელობის მუზეუმში

დღეს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა „ბრწყინვალე მეფეები“ გაიმართება.
პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება და მისი თითოეული ნაწილი სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობის მასშტაბებით გამორჩეულ იმ მეფეებს გააერთიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს საქართველოს ისტორიაში.
პროექტის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელთაც აერთიანებდათ, როგორც პოლიტიკური და სახელმწიფო საქმიანობის მასშტაბები, ასევე ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულება და მისდამი თავდადება.
პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია რეფორმატორი მეფეების საქართველოს წინაშე დამსახურებასა და ღვაწლზე, რათა ახალმა თაობამ კარგად გაიაზროს თითოეული ამ მეფის მიერ გატარებული რეფორმის მნიშვნელობა და შედეგი.
პროგრამის თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ, მოსწავლეთა ჯგუფი 4 ნაწილად იყოფა, რომელთაც ეძლევათ დავალება, დაწერონ მოკლე ტექსტი მათ მიერ არჩეული მეფის საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ. პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიულ გაკვეთილს, რომლის ხანგრძლივობაც 1.30 წუთი იქნება და გაფორმებული იქნება ვიზუალური მასალით: მხატვრული ნამუშევრები, რუკა, ნუმიზმატიკური მასალა, ხუროთმოძღვრული ძეგლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები