„თავისუფალი კინოჩვენებები“ კინოს სახლში გრძელდება

7 ნოემბერს „ფონდი აჰუაჰუ – კულტურის განვითარებისთვის“ „საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებით კავშირთან“ თანამშრომლობით, „თბილისის კინოს სახლში“ ყოველკვირეულ „თავისუფალ კინოჩვენებებს“ განაახლებს.
„თავისუფალი კინოჩვენებების“ მაყურებლები მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები, მიუსაფარი პატარები და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე არასრულწლოვნები არიან. 6-12 და 13-18 ასაკობრივი ჯგუფის სამასი ბავშვი, კვირაში ერთხელ, ნახავს კინოშედევრს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელსაც „თავისუფალი ჩვენებების“ უკვე გამოცდილი ორგანიზატორები სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად წარუძღვებიან.
პროექტის მიზანია ბავშვების კულტურული ცხოვრების გააქტიურება. კინოხელოვნებასთან მათი ზიარება, შესაბამისი აქტუალური სადისკუსიო თემების წამოწევა, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, თავდაჯერებულად გამოთქმისა და სხვისი შეხედულებების მიღება, მოსმენის კულტურის გამომუშავება.
პროექტი ხორციელდება ფინანსური რესურსის გარეშე, ორგანიზატორებისა და მონაწილეების ენთუზიაზმით, მაყურებლის მზარდი ინტერესით, პარტნიორი ორგანიზაციების მონდომებით და მორალური მხარდამჭერი ორგანიზაციების დახმარების სურვილით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: „კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი“, „ეროვნული კინოცენტრი“, „რეგიონული კინოს ასოციაცია“, საერთაშორისო დოკუმენტური ფესტივალის საბავშვო სექცია „სინედოკ-იანგი“, „კარიტასი“. მორალური მხარდამჭერები არიან: „გაეროს განვითარების პროგრამა“, „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“. მედიაპარტნიორია: თანამედროვე ხელოვნების ჟურნალი „კავკასუს არტმაგი“. „თავისუფალი ჩვენებების“ ინიციატორია: „აჰუაჰუ – ფონდი კულტურის განვითარებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები