სპექტაკლ „რექვიემის“ პრემიერა გაიმართება

6 და 7 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, მცირე სცენაზე, რეჟისორ ლილი ბურბუთაშვილის სპექტაკლ „რექვიემის“ პრემიერა გაიმართება.
გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების კონკრეტული ფურცელი არასოდეს გაცოცხლებულა ქართულ თეატრალურ სცენაზე, არავის უთქვამს სიმართლე, თუ რა მოხდა მაშინ და ვინ იდგნენ ამ რეპრესიების ზურგს უკან. ვის მიუძღვის წვლილი დიდი ქართველი რეჟისორისა და მისი მეგობრების განადგურების საქმეში.
ლილი ბურბუთაშვილის მხატვრულ-დოკუმენტურ დრამაში გაცოცხლდება ყველა ის ფაქტი, რომელზეც დღემდე მხოლოდ კულუარულად საუბრობდნენ.
რეჟისორ ლილი ბურბუთაშვილის სპექტაკლს „ რექვიემი“ საფუძვლად დაედო ცნობილი თეატრის კრიტიკოსისა და ისტორიკოსის ვასილ კიკნაძის ნაშრომი „ წამებული რაინდები“ . ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მხატვრულ-დოკუმენტურ დრამას უძღვნის იმ დიდ, ქართველ თეატრალურ მოღვაწეთა ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოსა და ხელოვნებისადმი სამსახურს.
სპექტაკლის მთავარი გმირები არიან: დიდი ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და რუსთაველის სახელობის თეატრის მთავარი შემოქმედებითი ბირთვი, ისინი ვინც 1937 წლის ბოლშევიკურ ტერორს ემსხვერპლნენ. სპექტაკლი ორმოქმედებიანია და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები