მოსკოვში ანტიპუტინური აქციების მონაწილე მსახიობი ალექსეი დევოტჩენკო მოკლეს

მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, ალტუფიევის გზატკეცილზე მდებარე სახლში ალექსეი დევოტჩენკოს ცხედარი იპოვეს. ცნობილი მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ დევოტჩენკო საკუთარ სისხლში იყო  მოსვრილი. გარდაცვლილის  მეგობრები მომხდარს მკვლელობად აფასებენ. ამ მოსაზრებას იზიარებს უკრაინელი პოლიტ-ტექნოლოგიების ექსპერტი ტარას ბერეზოვეციც, რომელიც  მსახიობის მეგობარი იყო.

„მოსკოვში მოკლულია უთანხმოების მარშის მონაწილე, გენიალური რუსი მსახიობი ალექსეი დევოტენკო. პირველი დღეებიდანვე ის უკრაინის მიმართ რუსეთის  აგრესიას გმობდა. ჩვენ  ვმეგობრობდით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევითი სიკვდილია ?“ – წერს ბერეზოვეცი სოციალურ ქსელში.

დევოტჩენკო პროფესიული საქმიანობის გარდა,  სამოქალაქო აქტივობებში იყო ჩართული. ის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის წევრი გახლდათ და ოპოზიციის აქციებშიც ხშირად მონაწილეობდა.  2010 წელს დევოტჩენკომ ვლადიმერ პუტინს, რომელიც იმ დროს პრემიერი გახლდათ, ღია წერილი გაუგზავნა. „პუტინი უნდა წავიდეს“  – ამ სახელწოდების წერილით ის ფედერალური ხელისუფლების მმართველის გადადგომას ითხოვდა. 2012 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის  დევოტჩენკო მოსკოვის მეტროსადგურ „შაბოლოვსკაია“-სთან სცემეს კიდეც.

ალექსეი დევოტჩენკოს  მაყურებლი პოპულარულ ტელესერიალ „ბანდიტური პეტერბურგი“-დან იცნობს.  ეს მისი ყველაზე  ცნობილი როლი იყო, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები