სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის ხუთი პირის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, განხილვაზე უარი თქვა და საქალაქო სასამართლოს პოზიცია გაიზიარა, – ამის შესახებ “კვირას” დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, საჩივარში მოთხოვნილი იყო დაკავებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა 10-10 ათასიანი გირაოს თანხით. ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, აღნიშნული პირების მონაწილეობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის შესყიდვა სამინისტრომ ხელოვნურად გაზრდილი თანხით განახორციელა კომპანია “სილქნეტისგან”, აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ.
პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები