ლანა ღოღობერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

5 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაზე რეჟისორი საკუთარ ლექსებს თავად წაიკითხავს, ნაჩვენები იქნება კადრები ლანა ღოღობერიძის კინოფილმებიდან, გამოიფინება მისი ნამუშევრებიც. შემოქმედებით საღამოში მონაწილეობას მიიღებენ როგოც ცნობილი ქართველი მსახიობები, ასევე მომღერლები. ლანა ღოღობერიძის შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორია ქუთაისის მერია და სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ლანა ღოღობერიძე 1928 წლის 13 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტი. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1988 წლიდან სტუდია ქართული ფილმის დირექტორი იყო. 1992 წელს ლანა ღოღობერიძე გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. 1999 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში. 2004 წელს საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ლანა ღოღობერიძე არის ყველა იმ ფილმის სცენარის თანაავტორი, რომლის რეჟისორიცაა: „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992).
ავტორია მონოგრაფიისა (1955 წ.) უოლტ უიტმენის შესახებ. თარგმნა უოლტ უიტმენის, ტაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები