ნეთანიაჰუ: F-35-ების თურქეთისთვის გადაცემა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს დაარღვევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უახლესი F-35 გამანადგურებლების თურქეთში შესაძლო გადაცემა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს დაარღვევს.
სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების გადაცემის პერსპექტივის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარამ ვაშინგტონისგან ხუთი F-35 გამანადგურებლის მიწოდების დაპირება მიიღო.
„ეს დაარღვევდა ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში, რადგან თურქეთს, ვფიქრობ, აგრესიული განზრახვები აქვს. ისინი ამას ღიად ამბობენ. მათ სურთ ოსმალეთის იმპერიის დაბრუნება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ თურქეთს, არამედ ბევრ სხვა სახელმწიფოსაც, მათ შორის სირიას, იორდანიის ნაწილებს, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიას და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ თურქეთი საბოლოოდ მიიღებს ამ იარაღს, ის „აგრესიისთვის“ იქნება გამოყენებული.
თურქეთი F-35 გამანადგურებლების საერთაშორისო პროგრამის მონაწილე იყო, თუმცა 2019 წელს აშშ-მა ანკარა პროექტიდან გარიცხა თურქეთის მიერ რუსული S-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის შემდეგ. მას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საკითხის მოგვარების განზრახვის შესახებ და პროგრამაზე თანამშრომლობის აღდგენას ან ადრე შეწირული თანხების კომპენსაციას ცდილობს.