ექსპოზიცია „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნება

4 ნოემბერს საქართველოში დიპლომატის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში სპეციალურ მიღებას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია: „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“, ასევე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი.
დიპლომატებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოში წმინდა საყდრის მისიის ხელმძღვანელი ნუნციუსი მარეკ სოლჩინსკი მიმართავენ. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირები.
ექსპოზიციაზე „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, რომელიც საქართველოსა და ევროპის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ კავშირებს ასახავს.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალები, ქართული და ლათინური ხელნაწერი კოლექციები, ფოტოები, ილუსტრაციები, უძველესი რარიტეტების ფრაგმენტები, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი და სხვა. დიპლომატის დღის ფარგლებში გამოფენის მოწყობის მიზანია, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საქართველო, როგორც საერთო ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია ქართული დიპლომატიური სამსახურის უმნიშვნელოვანესი მიღწევის – საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი ამოქმედების გათვალისწინებით.
4 ნოემბერს ქართველი დიპლომატების პროფესიული დღესასწაული 2004 წლიდან აღინიშნება. თარიღი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები