მამუკა არეშიძე: თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფოს ფული ნამდვილად მოიპარეს

„თავდაცვის სამინისტროს დაპატიმრებული მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფოს ფულის მოპარვას ნამდვილად ჰქონდა ადგილი“, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ამავე სქემაში ჩართული იყო ადამიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არ ყოფილა.
„ჩემი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დაპატიმრებული მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო ფულის მოპარვას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ სქემაში ჩართული იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არ ყოფილა. ამ ადამიანს ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა. ახლა აღარ არის თანამდებობაზე. როგორც მე ვიცი, სწორედ ამ პიროვნების მიერ იყო მომზადებული თანხის მითვისების სქემა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ამუშავდა! ასე, რომ გამოძიების დასაწყებად რეალური საფუძველი ნამდვილად ჰქონდა! ეს კაცი ძალიან ჭკვიანია და არცერთ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არ ფიქსირდება! დიახ, მან ფულის მითვისების სქემა შექმნა, დოკუმენტებზე კი სხვებს აქვთ ხელი მოწერილი“, – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
დაკავებულებიდან სამი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, ხოლო მეოთხე ბრალდებული – უწყების ყოფილი თანამშრომელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსმა გიზო ღლონტმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 2014 წლის 1 იანვარს დატოვა, – ამის შესახებ „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები