ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ გამარჯვებულებს მკითხველები გამოავლენენ

3 ნოემბერს კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ლიტერატურული კონკურსის „წეროს’’ დაწყებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნათია ლურსმანაშვილი და ფარმაცევტული კომპანია GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა ჯავახიშვილი.
ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორი ელექტრონული წიგნების მაღაზია Lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC-ია.
ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ელექტრონული წიგნების ვებგვერდ lit.ge-ის მეშვეობით, ინტერნეტსივრცეში განხორციელდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაწარმოებებს გამოავლენს კონკურსის 7-კაციანი ჟიური (ჟიურის წევრები არიან მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები), მეორე ეტაპზე, 1-დან 10 დეკემბრის ჩათვლით კი შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს მკითხველი, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური მკითხველები დასაჩუქრდებიან ელექტრონული მაღაზია lit.ge-ის ვაუჩერებით. გამარჯვებულთა ვინაობა (I, II, III ადგილები, ჟიურის სპეციალური პრიზი და სხვა პრიზები) გამოცხადდება 11 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს მწერალთა სახლში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის საჭიროა lit.ge-ს შესაბამის გვერდზე დარეგისტრირება და 3-დან 24 ნოემბრამდე 5-10 გვერდიანი საკონკურსო ნაწარმოების გამოქვეყნება. კონკურსანტმა ნაწარმოებს უნდა დაურთოს მცირე ანოტაცია და მიუთითოს ჟანრი. ავტორის ვინაობა აუცილებელია მითითებული იყოს შესაბამის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება. კონკურსის მიმდინარეობისას, ავტორის ვინაობა დაფარული იქნება. ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები. საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტსივრცეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები