FT: ტრამპის მშვიდობის საბჭოს ფონდი დაფინანსების გარეშე დარჩა

“დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო მშვიდობის საბჭომ, მისი შექმნიდან ოთხი თვის შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ მიიღო დაფინანსების ერთი დოლარიც კი”,- ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი სიტუაციის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის ფონდი ცარიელი რჩება, ხოლო თავად სტრუქტურა იურიდიულ და პოლიტიკურ გაურკვევლობაშია. FT-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა: „ერთი დოლარიც არ მიუღიათ“.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, შემოწირულობები პირდაპირ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა JPMorgan Chase-ში, რომელიც არ ექვემდებარება დამოუკიდებელი გამჭვირვალობის მოთხოვნებს.

მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელმა FT-ს განუცხადა, რომ განიხილებოდა რამდენიმე დაფინანსების მექანიზმი, მათ შორის მსოფლიო ბანკთან. თუმცა, მისი თქმით, პროგრამის მონაწილეები ჯერჯერობით ალტერნატიული ვარიანტების გამოყენებას ამჯობინებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მაროკომ ღაზას სექტორში უმაღლესი წარმომადგენლის, ნიკოლაი მლადენოვის ოფისის დასაფინანსებლად, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი გამოყო. ასევე პალესტინის ტექნოკრატიული კომიტეტის ხელფასების გადასახდელად, რომელიც ღაზას სექტორის სამართავად შეიქმნა.

თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ღაზას სექტორში პოლიციის მომზადებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა პროგრამა ჯერ არ დაწყებულა და დაფინანსება გაიყინა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს საერთაშორისო დახმარების პროგრამებიდან დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის გადანაწილებას მშვიდობის საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებულ პროექტებზე. თუმცა, თანხები პირდაპირ ორგანიზაციას არ გადაეცემა და ამ ეტაპზე გამოუყენებელი დარჩება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე მშვიდობის საბჭოს ერთ-ერთი „ყველაზე მნიშვნელოვანი“ საერთაშორისო ორგანიზაცია უწოდა, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. მან განაცხადა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზას სექტორს 7 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს და აშშ მზადაა ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებით 10 მილიარდი დოლარი გამოყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები