გიორგი ვოლსკი: ადრე გეგმავდნენ „მშვიდობიან დამხობას”, ახლა გეგმავენ „მშვიდობიან დაპირისპირებას”
“ადრე გეგმავდნენ „მშვიდობიან დამხობას”, ახლა გეგმავენ „მშვიდობიან დაპირისპირებას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება.
„ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის იცავდნენ კანონს. 5 დღით ადრე შედიოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მერიაში და ჩვეულებრივად ტარდებოდა აქციები. ახლა, როდესაც არ დაიცვეს კანონის მოთხოვნა, რომელსაც შესანიშნავად უწყიან, რასაკვირველია, უარიც მიიღეს. მით უმეტეს, 26 მაისს ვერ გაკეთდება სცენა, ვერ გაკეთდება ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც თვითონ უნდათ, ვინაიდან დაგეგმილია 26 მაისთან დაკავშირებული გარკვეული აქტივობები. ეს ძალიან კარგად იციან და ნათელია, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს თავი შეახსენონ საზოგადოებას, კურატორებს, თუ რაში იხარჯება ის თანხა, რაც ავალებთ მათ რომ ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. ასე რომ, 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, კვლავ ბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში, იქნებ მართლაც მოხდეს დაპირისპირდება, იქნება მართლაც დაშავდეს ვინმე, მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია იქნება. ასეთივე „მშვიდობიან დამხობას” გეგმავდნენ გასულ წელს, 4 ოქტომბერსაც. ახლა გეგმავენ “მშვიდობიან დაპირისპირებას”, ადრე გეგმავდნენ “მშვიდობიან დამხობას”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ხვალ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველამდე მარშით მივლენ. გვარამიას თქმით, რუსთაველზე ტექნიკის შეტანას და სცენის დამონტაჟებას ეცდებიან.