საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და ქვეყნის გაძლიერების საქმეში მას წინსვლა და წარმატება უსურვა.
„დამოუკიდებელი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ საკუთარი ადამიანური შესაძლებლობებით, გონებითა და ინტუიციით აღჭურვილმა დაიწყო და იმდროინდელი ვითარებისთვის სრულიად უცხო, პატიოსნებითა და სისუფთავით გამორჩეული ბიზნესმენის უნიკალური ბიოგრაფია შექმნა.
ამ გზის დასაწყისიდანვე, როდესაც ჯერ არცთუ დიდი შესაძლებლობები გააჩნდა, იგი უანგაროდ ეხმარებოდა სამშობლოს. მისი ქველმოქმედება ყველა ჩვენგანის მადლიერებას იმსახურებს.
მოგვიანებით, საქართველოსთვის უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში მან შეძლო ის, რაც ყველას წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა – გააერთიანა მოქალაქეები საქართველოს განვითარების გეზის მშვიდობიანად შესაცვლელად, დემოკრატიული, კეთილდღეობის, განვითარებული ქვეყნის აღმშენებლობის დასაწყებად. მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურებოდა. ხელისუფლების ზენიტში მყოფმა, მან უპრეცედენტო, მსოფლიო პოლიტიკური ისტორიისთვის უიშვიათესი ნაბიჯი გადადგა და დატოვა უმაღლესი თანამდებობა, რათა ჩვეული შემართებით ემსახუროს ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უმიშვნელოვანეს და ყველაზე რთულ საქმეს – აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.
მჯერა, ეს შრომა ისეთივე დიდი წარმატებით დაგვირგვინდება, როგორც მისი ყველა სხვა წამოწყება. გულითადად ვულოცავ ბატონ ბიძინას და მის ოჯახს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ დღეგრძელობას, მხნეობას და ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლისთვისაც იღწვის თავად და რომელიც საქართველოს ყოველი მოქალაქის ოცნებაა“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.