ელდარ შენგელაია მსოფლიოს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზით დააჯილდოვეს
კიევის 44-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია მსოფლიოს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ დააჯილდოვა. ანალოგიური ჯილდოს მფლობელები სხვადსხვა წლებში სოფი მარსო, რომან პოლანსკი, სოფი ლორენი და კინომატოგრაფიის სხვა ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ.
კიევის ფესტივალზე ნაჩვენები იყო ფილმი „ცისფერი მთები“. „მე ბევრი პრიზი მივიღე, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, – ამბობს ელდარ შენგელაია.
„Molodist“ – ეს არის ფესტივალი, რომელიც კიევში 44 წელია ყოველ ოქტომბერს იმართება. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები მონაწილეობენ.
კიევის ფესტივალიდან დაბრუნებული ელდარ შენგელაია 2014 წელს წარმატებულს უწოდებს. „მოსკოვის საღამო“, „მომა“, „ბერლინალე“, „კანის ფესტივალი“, ეს ის ღონისძიებებია, სადაც ქართველი რეჟისორის ნამუშევრები მსოფლიომ გაიცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კანის ფესტივალი. ათასი ფილმიდან ოცი ფილმი შეარჩიეს. დიდი რეჟისორების – ფელინის და სხვების ფილმების გვერდით იყო „ცისფერი მთებიც“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და დიპლომი მომანიჭეს“, – ამბობს ელდარ შენგელაია.
მსოფლიო აღიარების შემდეგ 81 წლის ქართველი რეჟისორი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელშიც პოლიტიკურად აქტუალურ თემებს ეხმიანება.