ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“ იტალიურ ენაზე ითარგმნება
2014 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბასა ჯანიკაშვილის ნაწარმოები „აბსურდისტანი“ იტალიურ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას. აბსურდისტანი ეს ქვეყანაა, სადაც ყველაფერი აბსურდია: მუსიკა, გართობა, თვით ცხოვრებაც კი. ეს ქვეყანა არსებობდა და ახლაც შეუძლია არსებობა ნებისმიერ ადგილას, სადაც არ ესმით სიტყვა – თავისუფლება. XX საუკუნეში თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოვლინება – როკმუსიკა ცივილიზებულმა სამყარომ 60-იანი წლებიდან გაითავისა. ეს ერთ-ერთი დასავლური ”სენი” იყო, რომელსაც საბჭოთა აბსურდისტანი ძალიან უფრთხოდა ადამიანებზე მისი უზომო გავლენის გამო. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟიც სწორედ როკია. მაგრამ როკი არა დასავლეთში, არამედ სწორედ 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში – მეკობრული რადიოტალღებით დაჭერილი, არალეგალურად შემოტანილი, გავრცელებული, თავისუფლებასთან ასოცირებული მოვლენა, რომელიც საბჭოთა მელომანებისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ მუსიკა. პროექტის ინიციატორია იტალიური გამომცემლობა „Palombi & Partner SRL“.